ეროვნული ბანკი – ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

16:11, 30.06.2026

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა, რაც, ბოლო წლების პირველი კვარტლების მონაცემების მიხედვით, ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, ეკონომიკის ნაკლებად იმპორტინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა.

„საქონლის ექსპორტი წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. ამასთან, საქონლის იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.4 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტი, რომელიც წლიურად 65.7 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებამ.

მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი შენელდა და პირველ კვარტალში 0.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელება მნიშვნელოვნად დაბალანსდა როგორც ICT მომსახურებების ექსპორტის, ისე საქონლის ექსპორტის ზრდით.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 3 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი