ეროვნული ბანკი - აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები დეკემბერში მაღალი ტემპით, თითქმის 41 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები დეკემბერში მაღალი ტემპით, თითქმის 41 პროცენტით გაიზარდა

2023 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 163.5%-ით მოიმატა და 444.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.7%-ით 26.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები იანვარში კვლავ მაღალი იყო და 268 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 12-ჯერ მეტია. იანვარში რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მაღალი ტემპით, 60.1 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 1.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია ასევე ყაზახეთიდან 32.1 პროცენტით გაზრდილი გზავნილებიც, ხოლო აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ შემცირებას განაგრძობს. მაღალი ტემპით, 40.8 პროცენტით გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრებიც.

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს იანვარში რუსეთი (60.1%), ევროკავშირის ქვეყნები (21.3%) და აშშ (6.4%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6875-დან 2.6763-მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8428-დან 2.8813-მდე – 1.4%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6410 და 2.8813 შეადგინა.

„იანვარში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი. იანვარში დოლართან მიმართებით შესამჩნევია ევროს გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა ლარს; სომხური დრამი და თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია. აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. იანვარში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 15.4%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 24.6%- ით გამყარდა.

რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, იანვარში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.9%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან იანვარში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და რუსეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – ევროზონაში, სომხეთსა და აშშ-ში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევაში.