ეროვნული ბანკი – აპრილში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 365 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის 440 მილიონი ლარით გაიზარდა

10:54, 03.06.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 804.66 მილიონი ლარით, ანუ 1.27%-ით გაიზარდა და აპრილის ბოლოს 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.55% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 365.16მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 439.50 მლნ ლარით, ანუ 1.61%-ით გაიზარდა.

ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.73 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.09%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.56 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.88%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წლის აპრილის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.75% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.144 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი