ეროვნული ბანკი - აპრილში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად - 8.2%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3%-ით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7791-დან 2.7543-მდე, ანუ 0.9%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 2.9951-დან 3.0894-მდე, ანუ 3.1%-ით გაუფასურდა.
თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7516 და 3.1305 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7648 იყო, მინიმალური კი – 2.7492.
„აპრილში, საშუალო კურსთან მიმართებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. აპრილში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება; შესამჩნევად გამყარდა ევრო და რუსული რუბლი, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა ლარი და სომხური დრამი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად – 8.2%-ით, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 2.3%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ბელარუსში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.