ეროვნული ბანკი - აპრილში ლარი დოლარის მიმართ 3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 3.2 პროცენტით გაუფასურდა
ეროვნული ბანკი - აპრილში ლარი დოლარის მიმართ 3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 3.2 პროცენტით გაუფასურდა

აპრილში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3356- დან 3.4367-მდე, ანუ 3.0 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9728-დან 4.1018-მდე, ანუ 3.2 პროცენტით გაუფასურდა. შესაბამისად, თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.4503 და 4.1818 შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აპრილში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.4548, ხოლო მინიმალურმა 3.4069 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 0.5 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.9 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 0.2 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ – 6.7 პროცენტით და რუსული რუბლის მიმართ 2.1 პროცენტით გამყარდა, სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, მარტთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 1.2 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.4 პროცენტით გაუფასურდა. “წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 5.9 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.9 პროცენტით გაუფასურდა. სავაჭრო პარტნიორთაგან აპრილში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 7.2 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში 17.1 პროცენტი,

ბელორუსში – 8.6 პროცენტი და უკრაინაში – 8.4 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო სომხეთში 6.2 პროცენტი, რუსეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში – 4.3 პროცენტი, აშშ-ში – 4.2 პროცენტი და ევროზონაში – 1.6 პროცენტი“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.