ეროვნული ბანკი - აპრილში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.17 პროცენტით, უცხოური ვალუტით კი 3.42 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აპრილში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.17 პროცენტით, უცხოური ვალუტით კი 3.42 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით, ანუ 2.87%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით, ანუ 2.17%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით, ანუ 3.42%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.64 მლრდ ლარის, რაც წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტია.

2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.15 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით.

დატოვე კომენტარი