ეროვნული ბანკი - აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2 პროცენტით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.2 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 11.2 პროცენტით მოიმატა და 204.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 18.7 პროცენტით, 27.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„აგვისტოში რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 176.7 პროცენტით ყაზახეთიდან და 132.6 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდნენ, რომელთა წვლილი მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 1.6 და 0.6 პროცენტული პუნქტებით აისახა.

ფულადი გადმორიცხვები ასევე რუსეთიდან გაიზარდა, ხოლო თურქეთიდან და უკრაინიდან შემცირდა. საანგარიშო თვეში ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა 13.9 პროცენტით მოიმატა, რაც, ძირითადად, 20.2 პროცენტით იტალიიდან და 47.2 პროცენტით გერმანიიდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

საბერძნეთიდან გზავნილები ზომიერად შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 41.4 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები და 18.4 პროცენტს რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.