ეროვნული ბანკი - აგვისტოში ლარი დოლარის მიმართ 0.4 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 0.8 პროცენტით გამყარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოში ლარი დოლარის მიმართ 0.4 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ 0.8 პროცენტით გამყარდა

აგვისტოში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.1288-დან 3.1167-მდე, ანუ 0.4 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.6993-დან 3.6688-მდე, ანუ 0.8 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1170 და 3.6768 შეადგინა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„აგვისტოში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1323, ხოლო მინიმალურმა 3.0927 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა – 0.5 პროცენტი, ხოლო მინიმალური -0.8 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ – 0.4 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 0.1 პროცენტით გამყარდა, თურქული ლირის მიმართ საშუალოდ – 1.4 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ – 0.4 პროცენტით და აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამასთან, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 0.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.1 პროცენტით გამყარდა.

„წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 5.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან აგვისტოში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 12.8 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში – 19.3 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში – 10.2 პროცენტი, ბელორუსში – 9.8 პროცენტი, სომხეთში – 8.8 პროცენტი, რუსეთსა და აზერბაიჯანში – 6.7 პროცენტი, აშშ-ში – 5.3 პროცენტი და ევროზონაში – 3.0 პროცენტი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.