ეროვნული ბანკი - აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 495.7 მლნ ლარით გაიზარდა და მთლიანი მოცულობა 39.6 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, საკრედიტო პორტფელის მატება როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 16.5 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 14.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.1 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 53.2 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.6 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 344.2 მლნ ლარით, ანუ 1.8 პროცენტით გაიზარდა და 19.04 მლრდ ლარს გაუტოლდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 57.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 0.9 პროცენტით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 53.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს“,  – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.