ეროვნული ბანკი – 2026 წლის სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა – 796 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 892 მილიონი ლარით გაიზარდა

15:20, 27.10.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 78.14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.21%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.91% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 796.70 მლნ ლარით, ანუ 1.77%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 892.59 მლნ ლარით, ანუ 2.83%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 22.35 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.60%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი