ეროვნული ბანკი – 2026 წლის მარტში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 775 მილიონი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი თითქმის მილიარდი ლარით გაიზარდა

14:45, 05.05.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის მარტის ბოლოსთვის 72.74 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 2.37%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.94% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 775.38 მლნ ლარით, ანუ 1.89%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 907.04 მლნ ლარით, ანუ 3.02%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.04 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.53%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.04 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.60%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მარტის განმავლობაში 1.68%-ით, ანუ 624.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 37.79 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის მარტის ბოლოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.51% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით შემცირდა 0.27 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი