ეროვნული ბანკი – 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 28.2 მილიარდი დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 28.2 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 74.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3 პროცენტია.
ცენტრალური ბანკის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების შედეგად 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები. შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 32.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 10.9 მლრდ ლარია, რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.