ეროვნული ბანკი – 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 2.3 პროცენტით გაიზარდა და 826 მილიონი დოლარი შეადგინა

14:42, 23.04.2025

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან – 19.8 პროცენტი და საუდის არაბეთიდან – 12.3 პროცენტი. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5 პროცენტით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები – 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2 პროცენტით შემცირდა“, – აცხადებენ სებში.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი – 48.6 მილიონი აშშ დოლარი; ბელარუსი – 15.9 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი – 107.1 მილიონი აშშ დოლარი; ირანი – 27.2 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი – 114.2 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 141.8 მილიონი აშშ დოლარი; საუდის არაბეთი – 8.7 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 28.2 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა – 33.7 მილიონი აშშ დოლარი; ევროკავშირი – 103.2 მილიონი აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები – 197.4 მილიონი აშშ დოლარი.

მსგავსი