ეროვნული ბანკი - 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1.3 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6 პროცენტი შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, 803.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1 008.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 2.6 პროცენტი იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად – 20.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.7 პროცენტით გაიზარდა.
„2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.1 პროცენტით, 256.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1,038.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 418.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 3.9 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეოთხე კვარტალში 357.0 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 3.4 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში 634.5 მლნ აშშ დოლარი იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება – 18.4 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.1 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14.7 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15.0 პროცენტით გაიზარდა 945.4 მლნ აშშ დოლარამდე.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეოთხე კვარტალში 374.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 3.5 პროცენტია“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.