ეროვნული ბანკი - 2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა
ეროვნული ბანკი - 2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა

2024 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ მარტის მიმოხილვაშია აღნიშნული.

„დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია თებერვალში 2.4%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.9%-ით გაიზარდა.

„უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პპ-ით შემცირდა და 49.8% შეადგინა. იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.7%-ს გაუტოლდა“, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

რაც შეეხება სააგრეო სექტორს, სებ-ის მონაცემებით, იანვარში საქონლის იმპორტი წლიურად 10.1%-ით შემცირდა.

„საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შუალედური სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. სამომხმარებლო და საინვესტიციო საქონელის იმპორტმა კი ზომიერად დაიკლო.

იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 26.2%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, ხოლო სამომხმარებლო საქონლის ექსპორტმა მცირედით მოიმატა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 156.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.