ეროვნული ბანკი - 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 620 მილიონი ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 620 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 58.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 620.74 მილიონი ლარით, ანუ 1.06%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 988.44 მილიონი ლარით, ანუ 3.75%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები – 367.70 მილიონი ლარით, ანუ 1.15%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის 46.63 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.60 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.14% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.81% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.78%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 79.84%, ხოლო ევროს წილმა 18.87% შეადგინა.