ეროვნული ბანკი - 2023 წლის ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 423 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 649 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - 2023 წლის ნოემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 423 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 649 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.07 მლრდ ლარით, ანუ 2.14%-ით გაიზარდა და ნოემბრის ბოლოს 51.19 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით, ანუ 1.54%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.22 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.29 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.94%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.51 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.37%-ით აღემატება.

ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ნოემბრის განმავლობაში 1.84%-ით, ანუ 481.85 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ნოემბრის ბოლოსათვის 26.60 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.50 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.32 პროცენტული პუნქტით.