ეროვნული ბანკი - 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ორი მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკი - 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ორი მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია. 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 560.2 მლნ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა.

სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8 პროცენტით შემცირდა და 887.0 მლნ. აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15.7 პროცენტით შემცირდა.

2020 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -224.7 მლნ აშშ დოლარი (-735.0 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (53.9 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (20.4 პროცენტით).

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 59.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის მეოთხე კვარტალში 645.9 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 33.9 პროცენტით გაიზარდა. 144.7 მლნ აშშ დოლარამდე (473.2 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 120.0 მლნ აშშ დოლარი (392.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8 პროცენტია.