ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წელი სრულდება. ექსპოზიცია სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.

საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას პირად არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.

ექსპონატები ასახავს მერაბ კოსტავას პოლიტიკურ და შემოქმედებით მოღვაწეობას. მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.

გამოფენა 7 ივნისამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, გამოფენასთან ერთად, 23 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი, რეჟისორ გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ ჩვენება გაიმართება.