ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული მიმდინარეობს
ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული მიმდინარეობს

ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების კვირეული გაიხსნა. პროექტი „რე-ანიმაცია“, ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანას, რესტავრაციასა და კინოთეატრში ჩვენებას ითვალისწინებს. პროექტი ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით განხორციელდა.

გახსნის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

„ვაგრძელებთ ეროვნული არქივის ხელშეწყობას, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზაციაა. შარშან ჩავდეთ დიდი ინვესტიცია ტექნოლოგიებში, აპარატურაში იმისთვის, რომ ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში გვეჩვენებინა ჩვენი ახალი თაობისთვის ცხრა მულტფილმი, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი ბავშვობისდროინდელია. აღვადგინეთ ფერები და ხმა ქართულ ფილმთან თანამშრომლობით. ეს არის მულტფილმები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. იქნება ეს „წუნა და წრუწუნა“, „ბომბორა“, „თერძი ბესო“ თუ სხვა. დღეს ვხედავთ აქ ბავშვებს, რომლებიც ხალასი და ახალი, ნამდვილი ფერებით უყურებენ მულტფილმებს ულტრათანამედროვე კინოდარბაზში. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ამ ბავშვების მეხსიერებაზე დიდ გავლენას მოახდენს, შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან შინ და მთელი კვირის განმავლობაში, უფასოა. ველოდებით ბავშვებს მშობლებთან ერთად ახალი რეანიმირებული ფილმების სანახავად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაგეგმილია რვა ჩვენება, რომლის ხანგრძლივობა 90 წუთია. თითოეულ სეანსზე წარმოდგენილი იქნება ფილმები: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი); „სახლობანა“ (1973 წელი); „საზამთრო“ (1974 წელი); „თერძი ბესო“ (1977 წელი); „ ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983წელი); „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი); „მძლეთამძლე“ (1991 წელი); „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი).

დასწრება თავისუფალია.