ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მსურველებს რეგისტრაციის გავლა 18 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მსურველებს რეგისტრაციის გავლა 18 ნოემბრის 18:00 საათამდე შეეძლებათ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ ეთერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, წლიდან წლამდე ოლიმპიადაში მონაწილეთა ჩართულობა საკმაოდ დიდია.
„ოლიმპიადა 3 ტურად მიმდინარეობს. გამარჯვებული ათეულიდან დგება საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეთა გუნდები, რომლებიც საკმაოდ დიდი წარმატებით გვიბრუნდებიან სამშობლოში. ასე რომ, ამ ოლიმპიადის დანიშნულება როგორც ქვეყნისთვის, ასევე, პირველ რიგში, მოსწავლეთა მოტივაციისთვის, ძალიან დიდია“, – აღნიშნა წერეთელმა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეები მთელი საქართველოდან თანაბრად აქტიურად არიან ჩართულები.
„ვურჩევ ყველას, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. რატომ არ უნდა გამოცადონ თავი? შეამოწმონ ცოდნა, ნახონ, სად უჭირთ, სად მეტი მუშაობა სჭირდებათ. იქვე ხედავს გამოსაცდელი თავის შედეგებს. პირველი ტურის ონლაინ ფორმატი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა. მთავარია, გამართული იყოს ინტერნეტი. მოტივაცია მომდევნო ტურებში გადასვლასთან ერთად კიდევ უფრო მეტად იზრდება. ვურჩევ მოსწავლეებს, ამ პროცესში ჩაერთონ არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაიმარჯვონ. ვფიქრობ, უბრალო მონაწილეობაც უკვე გამარჯვებაა“, – აღნიშნა წერეთელმა.
ცნობისთვის, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.