ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან, 4 ნოემბრიდან დაიწყო რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. პროცესი 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სკოლებს შეუძლიათ, დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60 პროცენტს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისთვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე
საქართველოს სახელით გაემგზავრებიან“, – აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.