ეროვნულ მუზეუმში მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა
ეროვნულ მუზეუმში მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.

„ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს:„სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრსა“ და „კინო სკოლაში“. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, სამომავლოდ აღნიშნული პროექტის მასშტაბი გაიზრდება.

პროექტი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.

პროგრამა სამ მუზეუმში განხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი მაია დათუნაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.