ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის მაქსიმალურმა ქულამ დაიკლო
ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის მაქსიმალურმა ქულამ დაიკლო

ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტიდან ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება და მთელი ყურადღება წერით დავალებებზე გადავა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტით შემოწმდება ისეთი ცოდნა, როგორიცაა სწორი დროების გამოყენება და ძირითადი გრამატიკული კატეგორიები.

„წელს ცვლილება არის ძალიან მინიმალური უცხო ენების ტესტში. ეს ცვლილება შეეხება იმას, რომ შარშანდელ ტესტთან შედარებით, წელს ამოღებულია სუფთა გრამატიკული ცოდნის შესამოწმებელი დავალება. ეს იყო ტრადიციული მერვე დავალება, რაც აღარ იქნება. ეს დავალება ამოწმებდა გრამატიკული წესების ცოდნას. რადგანაც ეს არის ამბიციური ტესტი, საუნივერსიტეტო ტესტი, აკადემიურ სივრცეში უნდა გამოადგეს აბიტურიენტს, ამიტომ სასურველია, შემოწმდეს არა გრამატიკული წესების ცოდნა, არამედ ამ წესების გამოყენების უნარი სხვა დავალებების საშუალებით, როგორიც არის წერის დავალებები. ტესტში წერის ორი დავალებაა და მთელი ყურადღება ამაზე გადავა. ამან გამოიწვია ის ცვლილება, რომ დაიკლო მაქსიმალური ქულის რაოდენობამ 90-დან 80-მდე“,- განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მაქსიმალური ქულის შემცირების მიუხედავად, მინიმალური გამსვლელი ქულა იგივე დარჩება და წელსაც 18 იქნება.