ეროვნულ გალერეაში მხატვარ ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
ეროვნულ გალერეაში მხატვარ ვახო ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვახო ბუღაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიცია სახელწოდებით „ნული” ორი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.

„ხატვის პროცესი 2017 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისამდე მთლიანად დამყარებული იყო მოულოდნელობებზე. ამ მოულოდნელობებს განაპირობებდა მეთოდი და მასში გამოყენებული საღებავი (აკვარელი). შედეგს ნამუშევრის დამთავრებისთანავე ვერ ვხედავდი, მხოლოდ მეორე დღეს შემეძლო ნამუშევრის სრულყოფილად დათვალიერება. არ ვიცოდი დღე-ღამის განმავლობაში როგორ გაშრებოდა, რა სიურპრიზს შემომთავაზებდა ტილოზე საღებავში დიდი რაოდენობით გამოყენებული წყალი. ჩემი მდგომარეობა ცოტათი იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავდა, რომელიც დილით ელოდება მნიშვნელოვან ტელეფონის ზარს. ყოველი შემდეგი დღე იწყებოდა იგივე მოლოდინით და იმავე წერტილიდან – ნულიდან“, – აცხადებს ვახო ბუღაძე.

ეროვნულ გალერეაში ვახო ბუღაძის პერსონალური ექსპოზიცია დღეს გაიხსნა და 4 ივლისამდე გაგრძელდება.

პარალელურად, ვახო ბუღაძე ციფრების სერიის დამასრულებელ ეტაპზეც მუშაობს, რომელსაც „3-4“ დაერქმევა და დამთვალიერებელი მას თბილისის ისტორიის მუზეუმში 27 ივნისს იხილავს.