ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა. ეროვნული დროშის დარბაზი დაერქვა ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე საკონფერენციო სივრცეს, რომელიც მთლიანად განახლდა.

მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები. ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე, წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი, რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზისთვის ეროვნული დროშის სახელის მინიჭებას თავისი წინაპირობა აქვს. 2003 წელს პირველად ამ დარბაზში გაიმართა სხდომა, რომელზეც ახალი დროშისა და სახელმწიფო სიმბოლიკის მიღებაზე იმსჯელეს. სწორედ ამ სხდომის საფუძველზე დაამტკიცა პარლამენტმა 2004 წელს ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად.