ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა 18-მა ახალგაზრდამ სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და პრაქტიკულ ნაწილში კურსი გაიარა.

პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჟურნალისტური კუთხით განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციაში ხელშეწყობაა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსი 18-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ამ კურსების ჩატარების მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჟურნალისტიკის მიმართულებით განვითარებაა. მჯერა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, რადგან ეს ჩვენი მესამე კურსია, რომელიც განვახორციელეთ. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგებოდა. თეორიული ნაწილი მარნეულში „აზერბაიჯანულ სახლში“ ჩატარდა, მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიებში. კურსის დასასრულს ახალგაზრდებისთვის თურქეთის ტექნოლოგიების გუნდმა – T3 ფონდმა „ტექნოფესტის“ ქურთუკები გამოაგზავნა, რომლებიც „აქტუალ სკოლის“ კურსდამთავრებულებს გადაეცა“, – განაცხადა „აქტუალ მედიის“ დამფუძნებელმა, ილქინ ჰუსეინოვმა.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე ოფიციალური პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.