ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ  შეზღუდვების ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ შეზღუდვების ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა

2020 წლის ნოემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 91.6 პროცენტით შემცირდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 87.1 პროცენტი შეადგინა და წლიურად 88.3 პროცენტით დაიკლო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

„2020 წლის ნოემბერში, გლობალურად მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება რუსეთიდან (-95.4 პროცენტით), აზერბაიჯანიდან (-96.6 პროცენტით) და თურქეთიდან (-78.2 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 4.5 პროცენტული პუნქტით აისახა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.