ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ივლისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 14.1 პროცენტი შეადგინა
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ივლისში სურსათის წლიურმა ინფლაციამ 14.1 პროცენტი შეადგინა

2021 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 1.3 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.3 პროცენტული პუნქტით პურის და 0.2 პროცენტული პუნქტით კარტოფილის გაძვირებამ იმოქმედა. ქათმის ხორცის გაიაფებამ კი ინფლაცია 0.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

„წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასები ახდენდა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის ივლისთან შედარებით ბენზინი 56.9 პროცენტით, დიზელი 47.9 პროცენტით გაძვირდა, ხოლო საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივლისში 2.1 პროცენტული პუნქტს მიაღწია. კომუნალური გადასახადების გავლენა ინფლაციაზე კვლავ 1.7 პროცენტული პუნქტი იყო. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადის ზრდაა. სურსათის წლიურმა ინფლაციამ 14.1 პროცენტამდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 4.1 პროცენტული პუნქტამდე მოიმატა, რაც დიდწილად სურსათის გაძვირებას უკავშირდება და აღნიშნული ტენდენცია გლობალურად ფიქსირდება. აქედან გამოსარჩევია მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთის 91.8 პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ხორბლის გაძვირებამ პურის ფასის 12.5 პროცენტით და, შესაბამისად, ინფლაციის 0.5 პროცენტული პუნქტით მატება გამოიწვია. კარტოფილის, ყველის, კვერცხის, შაქრის და შოკოლადის გაძვირებამ ჯამში ინფლაცია 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.4 პროცენტით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტამდე შემცირდა“, – განმარტავენ სებ-ში.