ეროვნულ არქივში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

18:42, 30.09.2026

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.

ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები. იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობელსა თუ ლიტერატურაში.

კონფერენცია გახსნეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კლაუდია რაპი და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი.

ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ისინი წარადგენენ უახლეს სამეცნიერო კვლევებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, რომისა და სასანიანთა იმპერიებში მიმდინარე პარალელური პროცესებისა და მსოფლიოში არსებული ნარატივების ჭრილში.

მოხსენებები ეთმობა განმანათლებელთა მოღვაწეობას, მონასტიციზმის განვითარებას, ქართული ეკლესიის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, ლიტურგიკას, წმინდანებისა და დღესასწაულების ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქრისტიანობის, როგორც წიგნიერი სარწმუნოების, როლზე, ასევე ქრისტიანულ ხელოვნებასა და კულტურაზე, შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიასა და რელიგიის გააზრებაზე გვიან შუა საუკუნეებსა და მოდერნულ ეპოქაში კონფერენცია საქართველოს ეროვნულ არქივში 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი