ეროვნულ არქივში ნოე რამიშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ არქივში ნოე რამიშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის ნოე რამიშვილის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი, რომელთა ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, ნაწილი კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს, გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს.

ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ.