ერლინგ ჰალანდი 2025 წელს „ბარსელონას“ სამიზნე იქნება - ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ტრანსფერით ეცდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას #1TVSPORT
„ბარსელონა“ 2025 წლის ზაფხულში ერლინგ ჰალანდის გაფორმებაზე ოცნებობს.
მომდევნო სეზონში „ბარსელონას“ რობერტ ლევანდოვსკის იმედი აქვს, რომელმაც უარი თქვა საუდის არაბეთიდან 100-მილიონიან შეთავაზებაზე. პოლონელი კომფორტულად გრძნობს თავს კატალონურ კლუბში. მისი ლიდერის თვისებების, პროფესიონალიზმისა და თამაშის დონის გათვალისწინებით, „ბარსელონაში“ ფორვარდის ძალიან სჯერათ 2024-25 წლების სეზონში.
კატალონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ 2025-26 წლების სეზონის წინ აუცილებლად დასჭირდებათ ტოპდონის ფორვარდი. „ბარსელონაში“ ფიქრობენ, რომ ვიტორ როკესა და მარკ გიუს დრო დასჭირდებათ განვითარებისთვის, ამიტომაც გეგმავენ მსოფლიო დონის ვარსკვლავის გაფორმებას.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, ერლინგ ჰალანდი „ბარსელონას“ ოცნებაა 2025 წლის ზაფხულში. კატალონურ კლუბს სულაც არ მიაჩნია ფანტაზიად ნორვეგიელის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიდან“.
„ბარსელონაში“ შესანიშნავად იციან ჰალანდის გარშემო სიტუაციის შესახებ. ნორვეგიელის აგენტი რაფაელ პიმენტა და მისი პარტნიორი მაქსველი, რომელიც ადრე „ბარსელონაში“ თამაშობდა, თებერვალში შეხვდნენ კლუბის სპორტულ დირექტორს, დეკუს და სხვადასხვა თემა განიხილეს, მათ შორის, ჰალანდის მომავალი.
ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჰალანდის მომავალზე, ეს არის გაურკვევლობა პეპ გვარდიოლას მომავალთან დაკავშირებით, რომლის კონტრაქტი „სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება. გარდა ამისა, „ბარსელონა“ ითვალისწინებს ჯერაც მიმდინარე გამოძიებას „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან სავარაუდო ფინანსურ დარღვევებზე.
აღნიშნავენ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის არჩევანის გაკეთებისას ჰალანდი გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ კატალონურ კლუბში მას არ მოუწევს მედიის ყურადღების გაყოფა თითქმის „რეალის“ ფეხბურთელთან კილიან მბაპესთან. ხოლო „ბარსელონაში“ გადასვლა შესაძლებლობას მისცემდა, შექმნილიყო ისეთი დაპირისპირება, როგორიც ლა ლიგაში ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ჰქონდათ.
არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. ჰალანდის „ბარსელონაში“ ხილვა სურს პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას.
Diario Sport-ის ჟურნალისტი დავიდე ბერნაბეუ წერს, რომ ლაპორტა ამზადებს „რაღაც გრანდიოზულს“ იმ შემთხვევისთვის, თუ 2026 წელს კიდევ ერთხელ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე. მას სურს ჰალანდის ტრანსფერის განხორციელება, რათა ახალი ვადით იყოს არჩეული.
ასევე ლაპორტას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი შეიძლება გახდეს „კამპ ნოუს“ გახსნა რეკონსტრუქციის შემდეგ. აღნიშნავენ, რომ ამ მიზნების განხორციელებისთვის „ბარსელონაში“ 2026 წლისთვის უნდა დალაგდეს ეკონომიური და სპორტული სიტუაცია.