ერიკა კვაპილოვა - კვლევის მიხედვით, შემცირდა ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა
ერიკა კვაპილოვა - კვლევის მიხედვით, შემცირდა ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა

2009 წელთან შედარებით იმ ქალების რაოდენობა, ვინც მიიჩნევდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა მათი პირადი საქმეა, შემცირდა, – ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ძირითადი მიგნებების პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ერიკა კვაპილოვამ აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თაობაზე კვლევა 2009 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და 2017 წელს ჩატარებული კვლევა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი.

„პირველი კვლევა არის 2009 წლიდან მოყოლებული, რომელიც გაიმართა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოში.  კვლევა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ 2009 წლიდან მოყოლებული არ გვქონდა მონაცემები და სწორედ ამ მონაცემების მისაღებად ჩატრადა კვლევა. აქ მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორი აღქმები ჰქონდა საზოგადოებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, მამაკაცები და ქალები რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე. ასევე,  კვლევა გვიზიარებს მონაცემებს სექსუალური შევიწროებისა და ადევნების შესახებ, რაც პირველად მოხდა საქართველოში. ეს კვლევა კიდევ ამით არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, კვლევაში ასახულია საზოგადოების შეხედულებები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არსებული ტრენდები.

„კვლევის თანახმად 80% თვლიდა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ეს არის მათი პირადი საქმე და ეს მდგომარეობა უკვე შეიცვალა, დღესდღეობით მხოლოდ 30% ფიქრობს ასე. მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება ამ კვლევის მიხედვით და ეს არის ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. ასევე, ამ კვლევის მიხედვით დგინდება, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს.  კვლევაში ვლინდება, თუ რამდენად სენსიტიურად აღიქვამს ახალი თაობა ამ თემას, კონკრეტულად კი, გენდერულ საკითხს. კვლევის შედეგები კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას არსებული სერვისების შესახებ”, – განაცხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაციას დღეს გაიმართა.

ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის თანახმად, ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.