ერგნეთში ხვალისთვის ჩანიშნული გეგმური შეხვედრა არ გაიმართება
ერგნეთში ხვალისთვის ჩანიშნული გეგმური შეხვედრა არ გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის მეხუთე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში გაგრძელდება. ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ხვალ ჩანიშნული გეგმური შეხვედრა არ გაიმართება. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი დღეს ერგნეთის ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე განაცხადეს.

ოკუპირებული ცხინვალი პოზიციას არ ცვლის და ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის გაუქმებას ითხოვს. კვლავ უცნობია, როდის გახსნის დე ფაქტო რეჟიმი ახალგორისა და სინაგურის ე.წ. გამშვებ პუნქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის გაუქმების მოთხოვნაზე მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ საგუშაგო დგას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„შედგა აზრთა გაცვლა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია აღნიშნულის თაობაზე. სამწუხაროდ, ცხინვალში მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა, რომ წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში შეწყდეს უკანონო აქტივობა და ევროკავშირის მისიას მიეცეს ადგილზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების უფლება. ეს წარმოადგენს ადგილზე სიტუაციის დაძაბვას. მათ არაერთგზის გააჟღერეს დეკლარირებული პოზიცია, რომ სტანდარტული საგუშაგო უნდა მოიხსნას. ეს საგუშაგო დგას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება ჟენევის დისკუსიის ფარგლებში, მომავალ კვირას. ერთზე ვთანხმდებით რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამშვები პუნქტების დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს. აქაც დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია. გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურად ცხოვრებას. გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით კვლავაც არ იქნა პასუხი და ამაზეც გაგრძელდება დისკუსია ჟენევის ფარგლებში.

არ შეიძლება, ნებისმიერი უთანხმოება და პოზიციათა სხვადასხვაობა დაუკავშიროს ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს პირდაპირ ეხება ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედს და მათ ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფალი გადაადგილების უფლებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების ირაკლი ანთაძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, ერგნეთში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მხარეები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით შეთახმდებიან.