ერგნეთში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ერგნეთში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სხდომა სოფელ ერგნეთში სიმბოლურად იმართება.

კანონმდებლებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ანგარიში მოისმინეს. განიხილეს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში, განისაზღვრა ასევე პრიორიტეტები.

სხდომის დაწყებამდე კომიტეტის წევრებმა, ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი დაათვალიერეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სოფელ ერგნეთში შეხვედრის გამართვა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს სიმბოლურად დაამთხვიეს.

„ეს არის კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა. შეგნებულად შევარჩიეთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ერგნეთი, ოკუპაციის მუზეუმი. მნიშვნელოვანია და სიმბოლური ისიც, რომ დავამთხვიეთ აქ სხდომის ჩატარება, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. ასი წლის შემდეგ ოკუპაცია ისევ გრძელდება და დადგება ის დღე, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. შეხვედრაზე თემა შეეხება საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე სოფლებში გატარებულ და გასატარებელ სამუშაოებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნების ფონზე მიმდინარეობდა.