ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა დღეს ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის მთავარი საკითხი. ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს უკვე იმ კონკრეტულ დაზიანებებზე მოუწევთ განმარტებების გაკეთება, რომელიც სამხარაულის დასკვნაშია ასახული და ცალსახად მიუთითებს ტატუნაშვილის წამების ფაქტზე.

შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ მწვავედ დააყენებს ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს. ამის შესახებ შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის წინა შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმს ორგანოების გადმოცემაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონია.

„ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებს ორგანოების გადმოცემაზე წინა შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ჩვენ პასუხს ამ საკითხზე მათგან დღეს ველოდებით. მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმეა. ცხრა საკითხი იქნება დღეს განხილული. მათ შორის ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლენაზე, რაც სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელებად შეაფასა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.