ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ჰუმანიტარული და ასევე გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილული იყო ჰუმანიტარული საკითხები. ე.წ. გადასასვლელების თვეში ერთხელ ათდღიანი გახსნა გაგრძელდება. როგორც ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურა, ეს პრაქტიკა შენარჩუნდება. ჩვენი მხრიდან დაყენებული იყო მუდმივ რეჟიმში თავისუფალი გადაადგილების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ არსებული პრაქტიკა იქნება მათი მხრიდან შენარჩუნებული. საკითხი შეეხო ე.წ. საშვებს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი გასცემს. ვადაგასულ საშვებთან დაკავშირებით მათ განმარტეს, რომ, მიმართვის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, იმავე მოქალაქეებზე გასცენ ახალი საშვები და ეს ადამიანები იმ რეჟიმში, რომელიც მათი მხრიდანაა დაწესებული, გადაადგილდნენ გამშვებ პუნქტებზე“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.