ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი, რასაც ცენტრალური ხელისუფლება დააყენებს, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი იქნება.

მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთი მთავარი საკითხი თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დასჯას.

„საფრთხეები, ზოგადად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ კონტექსტში ნებისმიერი საფრთხე ყოველთვის არის ჩვენი აქტიური დაკვირვებისა და შეხვედრებზე განხილვის თემა. წელს უკანონო ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა და, ბუნებრივია, ამაზე გვექნება მსჯელობა. მიმდინარე წელს ჩვენ გვქონდა უკანონო დაკავების ერთი ფაქტი. Ჩვენი მოქალაქე ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მას შეეფარდა ე.წ. წინასწარი პატიმრობა. ჩვენ, ბუნებრივია, დავაყენებთ ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

რაც შეეხება დავით გურწიევს, ეს არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც ამ საკითხის დაყენება გახდება შესაძლებელი. დავით გურწიევი არის ინტერპოლით ძებილი, ისევე როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები. დე ფაქტო რეჟიმის შეფასებების კომენტირებას მოვერიდები. გინტურის მკვლელობას რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინტერესდებით, რა ღონისძიებები იქნა გატარებული მკვლელების მიმართ და რას აპირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.