ირაკლი ანთაძე - საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა არის კარგად ორკესტრირებული და პროცესი განსახილველია ერთ კონტექსტში
ირაკლი ანთაძე - საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა არის კარგად ორკესტრირებული და პროცესი განსახილველია ერთ კონტექსტში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური ხასიათის მეექვსე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირებული ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ, გუშინ ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავება იქნება.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის მოქმედებები პირდაპირ უკავშირდება ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს.

„დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები იქნება. გუშინდელი შემთხვევა იქნება აქტიური განხილვის საგანი. შევეხებით ასევე გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს. ეს მათვე პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, ისევე როგორც გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ხელი შეეშალა საქართველოში ერთადერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქმიანობის განხორციელებისას.

მიჭირს, წინასწარ განვსაზღვროთ შეხვედრის მონაწილეთა კონსტრუქციული ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მიერ ყველა საკითხი იქნება დაყენებული პრინციპულად, რომ სიტუაციამ არ მიიღოს სერიოზული განვითარება და არ გაიზარდოს დესტაბილიზაციის საფრთხე. არ მგონია, შეხვედრის ჩაშლის რისკი იდგეს. დღის წესრიგში არის მხოლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები. საოკუპაციო რეჟიმმა ყველა ნეგატივი, რაც ხდება ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუკავშირა ამ კონტექსტში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ განსახილველად გვაქვს ერთი საკითხი, ყველა საკითხი რომელიც მოიაზრება, ამ კონტექსტში იქნება განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. საოკუპაციო ძალების ნებისმიერი აქტივობა არის კარგად ორკესტრირებული და პროცესი არის ერთ კონტექსტში განსახილველი. დღესდღეობით ერთადერთი გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე შედარებით სტაბილურ გარემოს, ეს არის ცენტრალური ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიცია, ასევე პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების აქტივობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამოქმედებულია ყველა ფორმატი, მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის დეესკალაციას“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.