ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ ინციდენტზე, რაც საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში დაფიქსირდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გააპროტესტებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს. ამასთან, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოითხოვენ ახალგორთან ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას და ისაუბრებენ იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც გზის ხელოვნურად ჩაკეტვას მოჰყვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების საკითხი და ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, რაც ძაბავს ადგილზე ვითარებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ამ დროისთვის, დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქეა, მათ შორის ორს პატიმრობა შეეფარდა.

„სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხადდება ხოლმე ამგვარი მდგომარეობა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა, ვგულისხმობ ტექნიკის კონცენტრირებას.

რაც შეეხება დაკავებულებს, გაიმართა​ კანიაშვილისა და ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი. ვლადიმერ კანიაშვილს ექვსი თვის ვადით, ნათაძეს – ექვსი წლის ვადით. ბრძოლა გაგრძელდება, რათა ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს, მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა და შევეცდებით, დღეს მივიღოთ ეს ინფორმაცია.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს. რაც შეეხება ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არ შეინიშნება არანაირი დაძაბულობა, არანაირი გადაადგილება, რაც გააჩენს თუნდაც მცირე საფუძველს, რომ ვინმე რაიმესთვის ემზადება. ვუწევთ ინტენსიურ მონიტორინგს საოკუპაციო ხაზს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ევროკავშირის მონიტორინგის როლი, რომლებმაც გააორმაგეს ძალისხმევა“, – აცხადებს ირაკლი ანთაძე.