ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 142-ე შეხვედრა იმართება.
შეხვედრაზე განიხილავენ გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს.
წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს შვიდი მოქალაქე უკანონოდ დააკავა. სამი მათგანი უკვე თავისუფალია. ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციის ექვს ფაქტს საოკუპაციო ხაზთან, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტში. რუსმა სამხედროებმა – რკინის ძელები, ზოგ მონაკვეთზე კი სათვალთვალო კამერები და მავთულხლართები განაახლეს. უსაფრთხოების საკითხებთნ ერთად, შეხვედრაზე განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც.
„შეხვედრაზე განხილული იქნება საანგარიშო პერიოდში მომხდარი ყველა ინციდენტი. წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო დაკავების ოთხი ფაქტი მოხდა. საქართველოს შვიდი მოქალაქე იქნა დაკავებული და სამი უკვე გათავისუფლებულია. ოთხ მონაკვეთზე მოხდა უკანონო სამუშაოები ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებთან. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ფორმატში მიმდინარეობს მოლაპარაკება“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.