ერევანში სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართა, რომელიც „ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების“ ბრალდებითაა დაკავებული
ერევანში სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართა, რომელიც „ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების“ ბრალდებითაა დაკავებული

სომხეთის დედაქალაქში სომხური წარმოშობის რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართა.

როგორც ცნობილია სამველ კარაპეტიანი 18 ივნისიდან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალად „ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთება“ ედება.

კარაპეტიანის მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დასრულდა, სადაც ბიზნესმენის ადვოკატმა კარაპეტიანის მიმართვა წაიკითხა.

როგორც კარაპეტიანი აცხადებს, „ნიკოლ ფაშინიანს და მის მთავრობას არაფერი ესაქმება სომხეთში და მათ არაფერი უნდა ჰქონდეთ საერთო სომეხი ხალხის მომავალთან“.

„მე მზად ვარ, გავიარო ბრძოლის გზა ჩვენი ქვეყნისა და მშობლიური მიწისთვის, რომელსაც, ჩვენ გარდა, არავინ ააშენებს და დაიცავს. დგება დრო პრინციპულად ახალი ძალის გარშემო გაერთიანებისა, ერთ მუშტად ქცევის დრო”, – ნათქვამია კარაპეტიანის მიმართვაში.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი კომპანია „ტაშირის” პრეზიდენტია და სომხეთში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბიზნესმენმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი კარაპეტიანს „ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთებაში სდებს ბრალს”. ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს, რომელსაც ასე ადანაშაულებენ ტერაქტების მომზადებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. ამავე საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ასევე არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი.

როგორც ცნობილი ხდება, ორივე დაკავებული სასულიერო პირი 5 ივლისს პროტესტის ნიშნად ერთი დღით შიმშილობას გამოაცხადებს. მათი თქმით, 5 ივლისი სომხეთში კონსტიტუციის დღეა და შიმშილობის გამოცხადებით ისინი პროტესტს უცხადებენ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს.