ერევანში სერგეი ლავროვისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა
ერევანში სერგეი ლავროვისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა

ერევანში სერგეი ლავროვისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სომხეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრზე მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს.

მოლაპარაკებებზე რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ეჭვქვეშ დაყენება მოსკოვისთვის მიუღებელია.

მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, მზადყოფნა გამოთქვა ეს შეთანხმება შეასრულოს. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მუშაობს გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ისინი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უფრო აქტიურად დაეხმარონ.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ერევანს სტრატეგიულ მომავალზე საერთო ხედვა გააჩნიათ. მისივე თქმით, აუცილებელია, მთიან ყარაბაღში იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველყოფილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ერევანში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.

მანამდე გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ ერევნიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბაქოში გაემგზავრა.