სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს [ფოტო]
სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს [ფოტო]

სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, ამასთან, პარალიზებულია ზოგიერთი მეტროსადგურიც.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია ოპოზიური ფრაქცია „ელქის“ ლიდერი  ნიკოლ ფაშინიანი. მისი თქმით, ანალოგიური აქციები მიმდინარეობს ქალაქ გიუმრიში, სადაც აქტივისტებმა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

სომხეთის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეების ყველა ქმედება უკანონოა, პოლიცია მათ პარლამენტის შენობასთან მიახლოებას უკრძალავს.

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ სერჟ სარგსიანის კანდიდატურა ოფიციალურად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ახლა პრემიერ-მინისტრის ხელშია. პრეზიდენტის პოსტი კი სიმბოლურია.

ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტმა ხვალ უნდა აირჩიოს.