„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გააძლიერებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდებას
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზში 9-10 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას ადასტურებენ.
ამასთან, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებს და ყოვლისმომცველი, ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას, რათა ზამთარში უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის საჭიროებები.
ამასთან, პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაგმეს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, რაც სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ G7 აპირებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების გაძლიერებას.
მინისტრებმა ასევე დაგმეს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სამხედრო დახმარება რუსეთისთვის, ამასთან, ჩინეთის მიერ იარაღის, სამხედრო მომზადებისა და ორმხრივი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება.
„დავგმეთ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, ჩინეთის მიერ იარაღის, სამხედრო წვრთნისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, მინისტრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის დასრულებას და დიპლომატიურ ძალისხმევას. ამასთან, მინისტრებმა მკაცრად დაგმეს ირანის იერშები მეზობლებზე და ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები, ასევე სრუტეში გავლაზე ნებისმიერი მოსაკრებლის დაწესება.