ერევანში, სამთავრობო დასახლებასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, არიან დაშავებულები, დააკავეს რამდენიმე ადამიანი
ერევანში, სამთავრობო დასახლებასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, არიან დაშავებულები, დააკავეს რამდენიმე ადამიანი

ერევანში, სამთავრობო დასახლების სიახლოვეს, მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

მანამდე, მთავრობის სახლთან მყოფი მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრები სამთავრობო დასახლებისკენ გაემართნენ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამ დროისთვის მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წევრები ე.წ. საფრანგეთის მოედნისკენ მიემართებიან.

ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა, იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ აქცია სწორედ საფრანგეთის მოედანზე გაიმართება, სადაც შემდგომი ნაბიჯები განიხილება. მისი თქმით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები და დაკავებულები.

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპარატის უფროსის, შუშან დანიელიანის თქმით, საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით შვიდი მოქალაქე გადაიყვანეს.

ამასთან, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად სულ 38 ადამიანი დაშავდა.

სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.