ერევანში ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

დემონსტრანტები ერევნის თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მსგავსი აქცია სომხეთის დედაქალაქში 18 ნოემბერს გაიმართა. ბოლო რამდენიმე დღეა, კი აქტივისტები სხვადასხვა ქუჩას ბლოკავდნენ და ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

აქციის ორგანიზატორები 17 ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, ფაშინიანი უნდა გადადგეს და ქვეყნის პარლამენტმა გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 9 ნოემბერს გააფორმეს. შედეგად, რეგიონში რუსი სამშვიდობოები გაემგზავრნენ. სომხეთის მთავრობა კი აზერბაიჯანისთვის მთიანია ყარაბაღის გარშემო მდებარე რეგიონების გადაცემას დათანხმდა. აზერბაიჯანი ასევე აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშას.