ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ბაგრამიანის გამზირზე მობილიზებულია პოლიციაც. ცოტა ხანში აღნიშნულ გამზირზე ელოდებიან კიდევ ერთი აქციის მონაწილეებს, რომლებიც მანამდე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურ ონიკ გასპარიანს დაუჭირეს მხარი.

შეგახსენებთ, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის შემდეგ ითხოვს, თუმცა პრეზიდენტი უარს ამბობს ფაშინიანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადაყენება მოითხოვა.