ერევანში CBD COP17-ის ფარგლებში საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა

16:55, 29.10.2026

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში თემატური ღონისძიება „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების როლი გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს განხორციელებაში“ გაიმართა.

პანელური დისკუსია ორგანიზებული იყო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები — საქართველოს“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები — საქართველოს“ ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის დაცული ტერიტორიების მართვასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობასთან, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასთან, საძოვრების მდგრად მართვასა და ბიოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და იმ შესაძლებლობების წარმოჩენა, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს განხორციელებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობის, საზოგადოების აქტიური ჩართულობისა და სამოქალაქო ორგანიზაციების როლის მნიშვნელობას ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში.

მსგავსი