ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურებს შარშან 33 ანგარიში გადაუგზავნა
ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურებს შარშან 33 ანგარიში გადაუგზავნა

2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 33 ანგარიში გადაუგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებს, მათგან 26 შეეხებოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა.

მექვაბიშვილის ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა საკითხზე, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს აცნობს. მექვაბიშვილის განცხადებით, შარშან 90 ანგარიში გამოქვეყნდა, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

გენერალური აუდიტორის თქმით, საინტერესო ანგარიშები მიმდინარე წელსაც გამოქვეყნდება.

„ფინანსური აუდიტი შეეხება აბსოლუტურად ყველა უწყებას, სამინისტროს. ეს სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ეფექტიანობის კუთხით ბუნებრივია ვაგრძელებთ ჩვენს მიდგომას. აქ იქნება ძალიან საინტერესო თემები, როგორიცაა განათლების, ჯანდაცვის კუთხით. იქნება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის პროგრამის, ასევე შშმ პირებისთვის პროგრამების შესწავლა, წყალდიდობების პრევენციის მიმართულება, სახელმწიფო ვალის მართვის აუდიტს ვახორციელებთ. შესაბამისობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ციფრი იქნება. მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დაიფარება ძირითადი შესყიდვები მომსახურებაზე, საქონლის შეძენაზე”, – აღნიშნა მექვაბიშვილმა.